ემა: აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება
{"name":"ემა: აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მეორე თავის ციფრული ვერსია „აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება.“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს. ელექტრონული რესურსის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015 ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ. ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები ამ თავში გაეცნობით, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრს. გააცნობიერებთ მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელოვან მახასიათებლებს – თანასწორობასა და პლურალიზმს[1]. პირველ ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. მოქალაქის ცნების განმარტება მრავალმხრივია. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქე პიროვნებაა, რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე, მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე, რომელთა შორის ძირითადია ქვეყნის კანონების დაცვა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემოსავლიდან გადასახადების გადახდა და სხვ. ისტორიულად და დღესაც მოქალაქის ცნების მთავარი განმსაზღვრელი პიროვნების მიერ უფლებების გამოყენება და მოვალეობების შესრულებაა. გახსოვდეთ, რომ ადამიანსა და მოქალაქეს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მინიჭებული უფლებები, ხოლო მოქალაქეს, უფლებების გარდა, აკისრია მოვალეობებიც. სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში თანამედროვე მოქალაქე აქტიურად არ მონაწილეობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. ძირითადად, მისი მონაწილეობა შემოიფარგლება არჩევნებში ხმის მიცემით, ზოგჯერ ამასაც არ აკეთებს. ამგვარი ნიჰილისტური[2] დამოკიდებულება აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ინტერესდებოდეს ქვეყანაში, ქალაქში, თემში მიმდინარე პროცესებით, ხმამაღლა სვამდეს შეკითხვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამონაწილეობით, ახდენენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მობილიზაციას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებებს, საჯარო გამოსვლებსა და მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად. ამ თვისებების მქონე მოქალაქეებისგან შემდგარი სოციუმი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდების მიერ ინიცირებული, თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების ერთობლიობა. მათი მოღვაწეობა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისაგან კანონით არის დაცული. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თვითნებურად შეზღუდოს მათი საქმიანობა. ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყოველი თქვენგანი უნდა გახდეს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე. ამაში დაგეხმარებათ დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნების კარგად გააზრება. დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნებია: თანასწორობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების გამჭვირვალობა, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებად დაყოფა, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა, პლურალიზმი. განვმარტოთ თითოეული მახასიათებელი ცალ-ცალკე. თანასწორობა გულისხმობს ყველა ადამიანის თანასწორობას უფლებებისა და კანონის წინაშე, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, უნარისა და ა.შ. ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანი დაბადებიდან თანასწორია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ჯგუფი, როგორიცაა ბავშვები, ქალები, მოხუცები, ემიგრანტები[3], შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები[4], ეროვნული უმცირესობები[5], არ განიცდიან დისკრიმინაციას[6], რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება მათი უფლებების შეზღუდვა, პირიქით, მათ ეხმარებიან, გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ თანასწორობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასევე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. დემოკრატიულ გარემოში სამართლიანობას კანონის უზენაესობა განაპირობებს. კანონი ზღუდავს ადამიანს – მას გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს აკისრებს. ამავე დროს, ის პიროვნებას იცავს უსამართლობისგან. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა. სასამართლოს საშუალებით ხდება დანარჩენი ორი ხელისუფლების – საკანონმდებლო და აღმასრულებლის შეზღუდვა; ასევე – მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა. უნდა გახსოვდეთ, რომ დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები ხორციელდება მაშინ, როდესაც მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად და ზემოქმედების გარეშე მისცენ ხმა სასურველ კანდიდატებს. თავისუფალი არჩევნების შედეგები სამართლიანად უნდა ასახავდეს ელექტორატის[7] ნებას. ყოველი საერთაშორისო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს თითოეული ადამიანის უფლებას, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი სახელმწიფოს მმართველობაში. დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია პლურალიზმი და მრავალფეროვნება[8], რაც გულისხმობს ცხოვრების წესის, მოსაზრებებისა და ინტერესების მრავალფეროვნებას. პლურალის- ტური საზოგადოების წევრებს გააჩნიათ პიროვნული თავისუფლება, მაგრამ ასევე მათ უწევთ ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა, ურთიერთდათმობის გზით შეთანხმებისა და საერთო მიზნების მისაღწევად. პლურალიზმის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების (ტრადიციების, რელიგიური რწმენის, მორალური ღირებულებების და ა.შ.) პატივისცემა, ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად. ადამიანის თანასწორობას, კანონის უზენაესობას, პლურალიზმს, უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიული, დამოუკიდებელი მედია. იგი ხელს უწყობს მოსახლეობისთვის აქტუალურ თემებზე დისკუსიების ჩატარებას, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ ზეპირად, წერილობით ან სხვა სახით მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ხელისუფლების ინსტიტუტების გამჭვირვალობა, რაც გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რატომ და როგორ იღებს მთავრობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებიდან არის შემდგარი. აქტიური მოქალაქე რომ გახდეთ, თქვენ უნდა შეძლოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, პრობლემის დანახვა და მისი გადაჭრის გზების ძიება. საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. საზოგადოებრივი ჩართულობა ეხმარება ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესები. მოქალაქის ნებაყოფლობითი მონაწილეობა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების აქტივობებში ეხმარება პიროვნებას, გააცნობიეროს საკუთარი საჭიროებები, პრობლემები, როლები და პასუხისმგებლობები. საკუთარი როლის მნიშვნელობის გააზრება პიროვნებას თვითრწმენას უმაღლებს და უბიძგებს საკუთარი ინიციატივით პრობლემის მოგვარებისკენ. __________________________________________________________________ [1] პლურალიზმი – აზრების მრავალფეროვნების არსებობა და მათი აღიარება. [2] ნიჰილიზმი - ყველაფრისადმი გულგრილობა [3] ემიგრანტი – პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში. [4] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, ზოგადი დებულება, მუხლი 3). [5] ეროვნული უმცირესობები – მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა. [6] დისკრიმინაცია – ცალკეული პირების ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვა ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება დასაბუთების გარეშე. [7] ელექტორატი – ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დონის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რომელიმე ჯგუფს. [8] მრავალფეროვნება – არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყოველი უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
Τι δουλειά έκαναν;
1050
ShadowClan Exile Quiz
6315
Science Bowl Questions Physical Science
630
Are You a Guard Dog?
940
Pokemon
9412
The Greenhouse Effect
7427
Math vocabulary
6332
Do you have any recommendations in new papers today?
100
Junior- most likely to
1267
PFA Quiz Draft
10516
Discover the Rich History of Leo Africanus
5217
ECON Test Review
34170